გნეუს პომპეუს მაგნუსი (ლათ. Gnaeus Pompeius Magnus) (დ. 29 სექტემბერი, ძვ. წ. 106 — გ. 28 სექტემბერი, ძვ. წ. 48), რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, მდიდარი და გავლენიანი პატრიუციუსი. პირველი ტრიუმვირატის წევრი.
გნეუს პომპეუსი დაიბადა ძვ. წ. 106 წლის 29 სექტემბერს სენატორული გვარის ოჯახში. პომპეუსების ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესი იყო მთელს სახელმწიფოში. გნეუს პომპეუსი 17 წლიდან მამამისთან — გნეუს პომპეუს სტრაბონთან ერთად მარიუსის წინააღმდეგ იბრძოდა სამოქალაქო ომში. 84 წ. ახალგაზრდა პომპეუსმა 3 ლეგიონი შეადგინა და აღმოსავლეთიდან დაბრუნებულ სულას შეეგება იტალიაში. შემდგომში სულამ იგი სიცილიაში და აფრიკაში გააგზავნა მარიუსის მომხრეთა ნაშთების გასანადგურებლად. რომში ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ მას სულამ მაგნუსი (ლათ. დიადი) უწოდა. 76-71 წწ. პომპეუსმა გაანადგურა მარიუსის მომხრე კვინტუს სერტორიუსი ესპანეთში. პომპეუსმა კრასუსთან ერთად დაამარცხა მონათა აჯანყება გენიალური თრაკიელის — სპარტაკის ხელმძღვანელობით. 70 წ. პომეუსი და კრასუსი კონსულებად იქნენ არჩეული.
ხმელთაშუა ზღვის მეკობრეები რომს მძიმე მდგომარეობაში აყენებდნენ. მათ დასაყრდენ პუნქტებს წარმოადგენდნენ კილიკიისა და კუნძულ კრეტას ქალაქები. მეკობრეებთან თავშესაფარს პოულობდნენ გაქცეული მონები და თავისუფალი წრის ავანტურისტები. მეკობრეები თავიანთი სწრაფი და მსუბუქი ხომალდებით თავს ესხმოდნენ სანაპირო ქლაქებს და ძარცვავდნენ; ისინი ყაჩაღობდნენ გზებდზედაც და სხვათაშორის 2 პრეტორიც კი გაიტაცეს. სახალხო ტრიბუნმა ავლუს გაბინიუსმა წამოაყენა კანონპროექტი რომლის საფუძველზე პომპეუსს უნდა გადასცემოდა საგანგებო უფლებები მეკობრეებთან ბრძოლაში. ხალხი აღტაცებით შეხვდა კანონპროექტს; სენატში კი კანონპროექტმა ოპოზიცია გამოიწვია. სენატში პომპეუსისადმი განსაკუთრებული უფლებების გადაცემას აქტიურად დაუჭირა მხარი ახალგაზრდა გაიუს იულიუს კეისრმა, რომელიც იმთავითვე ხალხის ნდობის მოპოვებას ცდილობდა. საბოლოოდ კანონპროექტი ძალაში შევიდა და პომპეუსმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები. პომპეუსის განკარგულებაში იყო დიდი არმია და ფლოტი 500 ხომალდით. პომპეუსი სწრაფად გაუსწორდა მეკობრეებს: მან ზღვა 30 სექტორად დაჰყო და პატრული დააწესა. მეკობრეები ბოლოს იძულებული გახდნენ კილიკიაში გამაგრებულიყვნენ. პომეუსმა სახმელეთო ბრძოლაში დაამარცხა მეკობრეები და 20 000 კაცი ტყვედ აიყვანა. ტყვე მეკობრეების მიმართ პომპეუსმა დიდი ჰუმანურობა გამოიჩინა: ისინი იტალიაში გადაიყვანა, მიწის ნაკვეთები გამოუყო და დაასახლა. პლუტარქე გადმოქვცემს: „პომპეუსი ფიქრობდაო, რომ ადამიანი ბუნებით არაა ველური და მოუთვინიერებელი ცხოველი, რომ იგი საკუთარი ბუნების წინააღმდეგ იხრება მანკიერებისაკენ, და ჩვეულების, ბინის და ცხოვრების ნირის გამოცვლით კვლავ თვინიერი ხდებაო“ (Plut. Pompeius). მეკობრეების დამარცხებამ პომპეუსის სახელი უფრო განადიდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий